RTVI: ლავროვი თანამდებობას დატოვებს

ტელეკომპანია RTVI-ის ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ვლადიმერ პუტინის ახალი მთავრობის შემადგენლობაში არ იქნება. ამის შესახებ RTVI საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.

ტელეკომპანიის წყაროების ცნობით, ლავროვს უკვე რამდენიმე წელია თანამდებობის დატოვება სურს, ვინაიდან ის თავს გადაღლილად გრძნობს. თუმცა, პუტინის თხოვნით ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე სამინისტროს სათავეში დარჩა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას ის 2004 წლიდან იკავებს.

„ის, რომ მას დიდი ხანია წასვლა სურს, არავისთვის არის საიდუმლო“, – განუცხადა RTVI-ს საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთმა თანამშრომელმა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ არ იცის, დარჩება თუ არა ლავროვი საკუთარ თანამდებობაზე.

RTVI-ის ინფორმაციით, ჯერ-ჯერობით უცნობია თუ ვინ დაიკავებს ლავროვის პოზიციას. ერთ-ერთი ვერსიით ეს შეიძლება იყოს მისი მოადგილე გრუშკო, რომელიც 2012-2018 წლებში რუსეთის წარმომადგენელი იყო ნატო-ში. თუმცა, არ არის გამორიცხული რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი პრეზიდენტის ადმინისტრაციის რომელიმე წარმომადგენელმა დაიკავოს.

Leave a Reply