არჩილ ტატუნაშვილს შაბათს, ქანდაში სამხედრო პატივით დაკრძალავენ

არჩილ ტატუნაშვილის სახლთან წილკანში ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაული დადგა, ცხინვალის ციხეში მოკლული სამხედროს ცხედარს სამხედროებმა ეროვნული დროშა გადააფარეს. არჩილ ტატუნაშვილს შაბათს, ქანდაში სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

ტატუნაშვილის ცხედარს სამხარაულის ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარდა. რის შემდეგაც ის წილკანში, საკუთარ სახლში გადაასვენეს.

22 თებერვალს, ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა, საქართველოს მოქალაქეები: არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს.  საინფორმაციო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ე.წ. „ცხელი ხაზის“ მექანიზმის ამოქმედების შედეგად, დე ფაქტო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ტატუნაშვილის გარდაცვალების პირველადი მიზეზი არის გულის შეტევა. სახალხო დამცველისათვის მიწოდებული ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს და სამედიცინო პერსონალის შეფასებით, დაზიანებები მიანიშნებდა, რომ იგი ნაცემი იყო.

Leave a Reply